თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ეკლესის მოკლე ისტორია
მოხატულობა
ტაძრის საკურთხევლი მოიხატა 2001-2002 წლებში. მოხატვა შეასრულა ხატმწერთა ჯგუფმა: გიორგი დუნდუამ, მიქაელ და ილია ბალავაძეებმა. საკურთხეველში გამოისახა ღმრთისმშობელი მთავარანგელოზებთან ერთად. ასევე, ზიარების და ხარების სცენები, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები.
ამავე ხატმწერებმა სხვადასხვა დროს მოხატეს: ობჩის მონასტრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის საკურთხეველი, ბოლნისის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი, ლურჯი მონასტრის წმ. ანდრია მოციქულის ტაძარი.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების ტაძარი სრულად მოიხატა 2006-2008 წლებში. ხატმწერი - არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი).
არქიტექტურა
ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. ნულოვანი წერტილიდან ტაძრის სიმაღლეა 16 მეტრი; საძირკველის სიღრმე - 5,30 მეტრი; ტაძრის ფართია 120 კვადრატული მეტრი.
ტაძრის არქიტექტორია ნუგზარ ღონღაძე, კონსულტანტი არჩილ მინდიაშვილი. ტაძარში გარდა ცენტრალური ტრაპეზისა, რომელიც ხარების სახელობისაა, სადიაკვნის მხარეს მოწყობილია წმ. ნიკოლოზის სახელობის ტრაპეზი. ამ ტრაპეზის აუცილებლობა მრევლის სიმრავლემ და ღმრთისმსახურებათა რაოდენობამ განაპირობა. პირველი წირვა წმ. ნიკოლოზის ტრაპეზზე 2008 წლის 19 დეკემბერს - წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს აღესრულა.
ინფრასტრუქტურა
თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის კომპლექსში შედის შენობა-ნაგებობები:
- ხარების ტაძარი
- სამრეკლო
- სამრეკლოს ქვედა სართულზე მოწყობილი სანათლავი
- სამრეკლოს სარდაფში განთავსებული მარანი
- სამრევლო სახლი ორი სართულით: მისაღებით, სატრაპეზოთი, საკვირაო სკოლის დარბაზით, კომპიუტერული სკოლა-სტუდიით, კელიებით
- ხატწერის, საოქრომჭედლო და გამოყენებითი ხელოვნების კორპუსი
- სასანთლე, საგამოფენო სალონი
- იორდანე - წყალკურთხევის აუზი
აღნიშნული ტერიტორია შემოსაზღვრულია ქვის ყორე-გალავნით. ტაძრის დასავლეთით გზის გადაღმა მდებარეობს ხეხილის ტერასები და ეწყობა დამხმარე ნაგებობა.
ენკენია:
1996 წელს ეკლესიის მშენებლობის ადგილზე ბრძანდებოდა უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი ლოცვა-კურთხევით დაიწყო ტაძრის მშენებლობა. ეკლესია ეკურთხა 1999 წლის 29 ოქტომბერს. ტაძრის კურთხევა ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა ანტონმა (ბულუხია) აღასრულა. უშუალოდ ტაძრის დღესასწაული - ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, პირველად 2000 წლის 7 აპრილს აღინიშნა. 2010 წელს კი მრევლი ეკლესიის საიუბილეო თარიღს ზეიმობს. ამ მოვლენას უკავშირდება ეს ელექტრონული გამოცემაც.
მშენებლობის დაწყებიდან სატაძრო მსახურებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ღმრთისმსახურებს:
დეკანოზ იოანე ჩიგოგიძეს. მას ეკუთვნის ტაძრის მშენებლობის იდეა. მისი ძალისხმევით დაიწყო ეს საქმე.
დეკანოზ ანტონ ბეჟანიშვილს.
მღვდელმონაზონ დავით თოდუას.
დეკანოზ ისე არხოზაშვილს, რომელიც ეკლესიას ხელმძღვანელობდა კურთხევიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამ დროს მოიხატა ტაძრის საკურთხეველი.
დეკანოზ დავით ჭანტურიას, რომლის წინამძღვრობის პერიოდში გასრულდა ტაძრის მოხატულობა, გაშენდა და სრულად მოეწყო ინფრასტრუქტურა, საფუძველი ჩაეყარა კულტურულ, საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროცესებს ეკლესიის ცხოვრებაში.
ეკლესიის წინამძღვარი - დეკანოზი დავით ჭანტურია
დაბადების თარიღი: 29.04.1971 ქ. აბაშა. განათლება უმაღლესი, ინჟინერ-მშენებელი. 1996 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1998 წლის 6 სექტემბერს ეკურთხა დიაკვნად, იმავე წლის 20 სექტემბერს მღვდლად. 2002 წლის ბოლომდე მსახურობდა ჩხოროწყუს რაიონში. 2003 წლის 2 აგვისტომდე წინამძღვრობდა თბილისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიას აეროპორტში. 2 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე მსახურობდა წმ. ილია თეზბიტელის ტაძარში. 2003 წლის 14 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 2006 წლის 11 თებერვალს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
|